ყოფილი ტელე-რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე „ინსტაგრამზე" შემზარავ ამბავს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც მუსერიძე წერს, კახეთში უნდა ენახა ლეკი ქალი დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად, რომელიც წლების განმავლობაში დაბმული ჰყავდათ, ძალადობდნენ მასზე, აჩენინებდნენ შვილებს, რომლებსაც შემდეგ ყიდდნენ. ქალს დამტვრეული აქვს ხელები და ფეხები.
„ხალხო, ვერ წარმოიდგენთ რა მძიმე მდგომარეობაშია! დაუძლურებული, ჩავარდნილი, შეკედლებული ჰყავს ერთ ოჯახს, რომელიც ლუკმაპურს უყოფს. მოუხსნეს სოციალური დახმარება. სჭირდება ექიმის კონსულტაცია, ანალიზების გაკეთება, სამწუხაროდ, ადგილობრივ საავადმყოფოში არ იღებენ, როგორც ოჯახმა გვამცნო! არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგჯერ ჩამოდიან და ეხმარებიან, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა, მოგვცა საშუალება, რომ აქ ჩამოვსულიყავით. გამოგვიგზავნეს დეენემის ტესტი, რომ ამ ქალბატობს 10 გაშვილებული მოვაძებნინოთ. ქალბატონს ესაჭიროება საკვები, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები. ვისაც რითი შეგიძლიათ, დაეხმაროთ, იქნება ეს თანხის ჩარიცხვა, თუ უშუალოდ პროდუქციის მოწოდება, ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ:
#GE24BG0000000498748285GEL'
https://www.paypal.me/tamarmuseridze“, - წერს მუსერიძე.
ყოფილი ტელეწამყვანი ბიოლოგიური დედის ძებნაში საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო. ტელეწამყვანმა დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ორი დაბადების მოწმობა იპოვა. ერთში დაბადების თარიღად 10 აგვისტო წერია, მეორეში – 10 ოქტომბერი. როდესაც ნათესავები გამოკითხა, ნაშვილები ხომ არ ვარო, ერთი დაიბნა და კითხვითვე უპასუხა, შენ საიდან გაიგეო. ამის შემდეგ ბიოლოგიური დედის მოძებნა გადაწყვიტა. გადაცემა „პროფილიც“ მოიშველია, თუმცა ჯერჯერობით ამაოდ.
2017 წელს თამუნამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ბიოლოგიურ დედას მადლობას უხდის სიცოცხლის ჩუქებისთვის და იმ ოჯახში მიყვანისთვის, სადაც გაიზარდა. „შეგიძლია ჩუმად გამომეხმაურო, პირობას გაძლევ, პრობლემას არ შეგიქმნი. არ გაგიბრაზდები“, – ამბობდა ორი წლის წინ მიმართვაში ტელეწამყვანი. ამ ხნის მანძილზე თამუნა არაერთ ქალს – მის „სავარაუდო დედას” შეხვდა.