თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 9 ივლისს საქართველოში ჩამოაბრძანებენ.
როგორც საპატრიარქოს შეტყობინებაშია ნათქვამი, ინდოეთის მთავრობა საქართველოს წმინდა ნაწილებს სამუდამოდ გადმოსცემს.
შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.
ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში 9 წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა.
პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის მკვლელობის მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს. მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩაიტანეს გოაში, წმინდა ავგუსტინეს მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მონასტერი გოაში განადგურდა.
სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში წმინდა ნაწილებს სხვადასხვა დროს ეძებდნენ.
2013 წელს ჟურნალი Archeology წერდა, რომ გოას მონასტრის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. ამ ინფორმაციის თანახმად, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი ხელის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლები ინდოეთთან არ არის კავშირში, არამედ ქართული წარმოშობისაა.