ნანი ბრეგვაძე 85 წლის იუბილეს სოლო კონცერტით აღნიშნავს

მომღერლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები წინანდლიდან დაიწყება და სექტემბერში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შემაჯამებელი კონცერტით დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 85 წლის იუბილეს სოლო კონცერტით აღნიშნავს, რომელიც წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე 21 ივლისს გაიმართება.
მომღერალს აკომპანირებას გაუწევს პიანისტი, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. 
ნანი ბრეგვაძის შვილიშვილით პრესტიჟული საერთაშორისო სააგენტო Askonas Holt-ი დაინტერესდა
1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს. 1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები გაჟღერებულია ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.