ევროსამეული ირანის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა: ვრცელდება მინისტრების მიმართვა

თეირანმა გადაწყვიტა აწარმოოს 20%-მდე გამდიდრებული ლითონური ურანი, რომელიც რეაქტორულ საწვავად არის საჭირო.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შეშფოთებული არიან ირანის გადაწყვეტილებით – აწარმოოს გამდიდრებული ლითონური ურანი რეაქტორული საწვავისთვის, იუწყება გაზეთი The Independent.
შესაბამისი განცხადება სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს.
„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშით, რომელიც ადასტურებს, რომ ირანმა გადადგა ნაბიჯები გამდიდრებული ლითონური სუფთა ურანის საწარმოებლად“, − ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნებმა გააფრთხილეს ირანი, რომ ამით ის სერიოზულად არღვევს მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს.
შეხვდება თუ არა ირანის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენს: რაისიმ შეკითხვას უპასუხა
„ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება, რაც მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას არღვევს და დაუბრუნდეს ვენის მოლაპარაკებებს მათი უმოკლეს ვადაში დასრულების მიზნით“, − ხაზგასმულია სამი მინისტრის განცხადებაში.
მინისტრების თქმით, ირანის გადაწყვეტილება, აწარმოოს გამდიდრებული ლითონური ურანი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებას თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ − მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელიც უკვე არის მიღწეული ექვსი რაუნდის განმავლობაში.
„სანამ პრეზიდენტი ვარ“: ბაიდენმა ირანის ბირთვულ იარაღზე კომენტარი გააკეთა
ირანი მიმდინარე წლის 14 აპრილიდან აპირებდა გაემდიდრებინა ურანი 60%-მდე, რისთვისაც ათასი ახალი ცენტრიფუგის დამონტაჟებას აპირებდა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე. თეირანმა თავისი გეგმების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა.
როგორც მაშინ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა, ურანის 60%-მდე გამდიდრების პროცესი არის პასუხი ისრაელის ქმედებებზე, რომელსაც თეირანი დამნაშავედ მიიჩნევს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ აფეთქებაში.