თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 52 შემთხვევაა დადასტურებული, ხუთ საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნია განმარტავს, რომ აღნიშნული შემთხვევებიდან განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა არ ფიქსირდება, თუმცა „დელტა“ შტამთან მიმართებით განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„არსებობს რისკი, რომ „დელტა" შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს. ამდენად განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. აღნიშნული შტამი გამოუვლინდა ხუთ პირს, მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ინფიცირებულთაგან სამმა პირმა ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვა.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამოირცხავენ, რომ „ინდურმა" შტამმა მალე „ბრიტანული" შტამი შეიძლება ჩაანაცვლოს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.407-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 371.293-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.383-ს მიაღწია.