თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიამ 60-მდე ნაგებობა დააზიანა, ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანებულია 58 ნაგებობა, მათ შორის ძირითადი ნაწილი დამხმარე ნაგებობებია.
ძლიერი წვიმის შედეგად მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფელ ლახირში მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.
ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულმა ღელემ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დააზიანა.
გარდა ამისა, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებულია სამი საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე დამხმარე ნაგებობა, განადგურებულია ერთწლიანი ნათესები, ასევე განადგურებულია მრავალწლოვანი ნარგავები.
სტიქია მუნიციპალიტეტში ორი დღის წინ იყო.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია აქტიურ რეჟიმში მუშაობს.