თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართველმა ეპიდემიოლოგებმა პანდემიასთან ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს შესთავაზეს, დიდ შეკრებებსა და კონფერენციებზე დაიშვას მხოლოდ ის, ვინც სრულად არის ვაქცინირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ.
„დღეს ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ამ ზაფხულს კონფერენციები, შეკრებები თუ იქნება, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. ასევე აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი, სადაც შეკრება ტარდება, ორჯერადად იყოს აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ადამიანთა მასობრივი შეკრების ადგილებში ადამიანებმა პირბადე უნდა ატარონ.
„მე, მაგალითად, პირბადეს ქუჩაშიც ვატარებ. პირბადე დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ორ დღეში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 25 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. საერთო ჯამში აიცრა 272.810 ადამიანი, საიდანაც 107.377 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული. გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 19 ივლისამდე არის ღია.
„ეს მაჩვენებლები ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და საჭიროა კუმულაციური იმუნიტეტისთვის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
6 ივლისს 4.557 მოქალაქე დარეგისტრირდა Sinopharm-ით ვაქცინაციაზე, 1.196 – Sinovac-ით და 204 – AstraZeneca-თი.
გამყრელიძემ ასევე მოიყვანა საინტერესო სტატისტიკა და თქვა, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ანუ 15 მარტიდან, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 1.668 ადამიანი, რომელთაგან 1.664 აცრილი არ იყო.
„მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8%-ის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3%-ის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ეპიდემიოლოგებს იმედი აქვთ, რომ საკმარისი ვაქცინების არსებობის პირობებში დღეში 25-30 ათასი ადამიანი აიცრება.