თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სპეციალური გზამკვლევის შედგენის მიზნით აჭარაში ადგილობრივი კერძების რეცეპტების შეგროვებისთვის კულინარიული ექსპედიცია იწყება, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
პროექტის მიზანი აჭარული სამზარეულოსა და გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციაა.
გზამკვლევში შევა როგოც აჭარული სამზარეულოს კარგად ცნობილი, ისე მივიწყებული კერძები. კულინარიული გზამკვლევი ვიზიტორებს დაეხმარება გაეცნონ აჭარულ სამზარეულოს და გაიგონ, თუ სად შეიძლება მათი დაგემოვნება.
გამომდინარე იქიდან, რომ აჭარული კერძები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და თავისებურებებით, ექსპედიცია მოიცავს როგორც ზემო აჭარას, ისე სანაპირო ზონებს, ასევე შეისწავლიან ლაზურ კულინარიასაც.
თითოეულ რაიონში დაგეგმილია არანაკლებ 15 იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძის გამოვლენა. კვლევაში წარმოდგენილი იქნება ძირითადი კერძი, დესერტი, მარინადები, რძის პროდუქტები, ღვინის ნაირსახეობა და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტები.
კვლევის ფარგლებში შეისწავლიან აჭარული სამზარეულოს ჭურჭელსა და ინვენტარსაც.
გასულ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარულ სამზარეულოზე ვიდეორგოლი მოამზადა, რომლის ხილვაც შესაძლებელია ბმულზე serviceajara.ge.