თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე კვლავ ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარს და ხის ფესვებს უკიდია.
ცეცხლის კერამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით გადაადგილდებიან. რთული რელიეფის გამო სპეციალური ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ან რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35.292 ჰექტარს შეადგენს.