თბილისი, 5 ივლისი – Spunik. საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მლნ დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო და, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანა მზად არის 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში საქართველოში ვაქცინების დამატებით კიდევ მილიონი დოზა შემოვა.
საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებისთვის მეტი ტერიტორიის მობილიზება მიმდინარეობს. ერთი პუნქტი უკვე გაიხსნა თბილისის „Hualing-ცენტრში“. ვაქცინაციის ცენტრის მოწყობა იგეგმება ლილოშიც. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ამცრელ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ემატება კაბინეტები და პერსონალი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღდგენილია აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 3 ივლისს კიბერშეტევის გამო გაითიშა. გუშინ, 19:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული იყო Sinopharm-ის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას იწყებს, სამ თვეში 1,5 მილიონი ადამიანის აცრას ვარაუდობს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 3 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ 267.727 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 105.649 ადამიანი.