თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ცნობილი იტალიელი მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი რაფაელა კარა (Raffaella Carrà ) ორშაბათს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გაზეთი Corriere della Sera.
რაფაელა კარამ პოპულარობის პიკს 1970-1980-იან წლებში მიაღწია. ხალხის განსაკუთრებული სიყვარული მოუტანა სიმღერამ A far l`amore comincia tu, რომელიც მრავალი ქვეყნის ჰიტ-პარადში შევიდა.
ქორეოგრაფისა და კარას ყოფილი თანამგზავრის, სერჟიო იაპინოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარას არ ჰყავდა ღვიძლი შვილი, იგი 150 ათას არასრულწლოვანზე ზრუნავდა დისტანციური შვილად აყვანის პროგრამის ფარგლებში, იუწყება РИА Новости.
იტალიის ტელევიზიაზე კარას რამდენიმე ათეული წლის წინ მიჰყავდა პროგრამა Amore, რომლის წყალობითაც ოჯახებმა იშვილეს 150 ათასზე მეტი ბავშვი. 2013-2016 წლებში კარა მენტორის სახით მონაწილეობდა მუსიკალური შოუს - „ხმის“ იტალიურ ვერსიაში. ასევე იყო იტალიაში „ევროვიზიის“ კონკურსის წამყვანი.
„დიდი ნიჭის, ვნებისა და დიდსულოვნების მქონე ქალი, რომელიც თან გვახლდა მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მშვიდობით, რაფაელა“, - დაწერა სოციალურ ქსელში იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ.