აფეთქება კასპიის ზღვაში: სპეციალისტები მიზეზების დადგენას ცდილობენ – შემთხვევის ვიდეო

კვირა საღამოს სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია მძლავრი აფეთქებისა და ხანძრის კადრები კასპიის ზღვაში. მომხდარის მიზეზი აქამდე დაუდგენელია.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. აზერბაიჯანელი სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია კასპიის ზღვაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ნავთობ-პლატფორმის რაიონში ძლიერი აფეთქება, რომლის კადრები კვირას გავრცელდა ინტერნეტით, იუწყება ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო. 
​არსებული ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვდირებულია, თუმცა აფეთქების ზუსტ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
ამასთან ბაქო უარყოფს ინფორმაციას, რომ აფეთქება ნავთობ-პლატფორმაზე, ან რომელიმე ხომალდზე მოხდა.
„საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დღის განმავლობაში არ შემოსულა არანაირი ინფორმაცია ზღვაში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ან სამრეწველო ობიექტებზე მომხდარი რაიმე შემთხვევის შესახებ. თუმცა ამ დროისათვის შესაბამისი სტრუქტურების სპეციალისტებთან ერთად მაინც მიმდინარეობს გამოძიება იმ ხანძართან დაკავშირებით, რომელიც ვიდეოკადრებზეა აღბეჭდილი“, − ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ში ასევე ადასტურებენ, რომ კომპანიის კუთვნილ საზღვაო პლატფორმებზე ავარიები არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობამ მაინც გადაწყვიტა გაეგზავნა ხომალდი აფეთქების ადგილზე, რათა ხანძრის მიზეზები გაირკვეს.
ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა ზღვაში ტალახის ვულკანის ამოფრქვევა იყოს.