სამსონ ხონელი
ნახევარი წელი გაილია და კაცმა რომ თქვას, საფინანსო-ეკონომიკური პარამეტრების შუალედური მაჩვენებლების შეჯამებისა და შეფასების დროა... ასეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ექვსი თვის კონსოლიდირებული სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გასაჯაროებულა და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ამ საქმეს მოგვიანებით დავუბრუნდეთ...
წინამდებარე სტატიით კი, საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები გავაანალიზოთ და მეტი სიზუსტისა და დამაჯერებლობისთვის საამისოდ ეროვნული ბანკის მონაცემები მოვიშველიოთ. მაშ ასე, თანმიმდევრულად მივყვეთ...
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა ივნისის პირველ დღეებში ჯამურად 57.09 მილიარდი ლარი შეადგინა. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.58 მილიარდი ლარით, ანუ 2.7%–ით შემცირდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.46%–ით გაიზარდა... საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.57 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 11.5% იყო.
საინტერესოა, როგორია საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 ივნისისათვის ეს მაჩვენებელი 35.41 მილიარდი ლარია, რაც 208.42 მილიონი ლარით, ანუ 0.59%–ით ნაკლებია, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე პირველი მაისის მაჩვენებელზე 2.53%–ით მეტია. საანგარიშო პერიოდში ვადიანი დეპოზიტები 48.25 მილიონი ლარით, ანუ 0.29%–ით შემცირდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.75%–ით ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობას, მაისის ბოლოსთვის ის 160.16 მილიონი ლარით, ანუ 0.85%–ით შემცირდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.33%–ით გაიზარდა. საერთო დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა ამავე პერიოდში 39.29% შეადგინა. 1 მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 0.80%–ია.
შესაძლოა დაინტერესდეთ, რამდენი პროცენტია დეპოზიტზე განთავსებული თანხის სარგებელი.... კობა გვენეტაძის უწყების სტატისტიკური მონაცემები ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს. მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%... აქვე, გეტყვით, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა კი 14.58% შეადგინა.
არახალია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას საბანკო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად საკრედიტო პორტფელის პარამეტრები აინტერესებს. კერძოდ, როგორია გაცემული სესხების მოცულობისა და მასზე დარიცხული პროცენტის ცვლილების დინამიკა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა საანგარიშო პერიოდში 616.81 მილიონი ლარით, 1.54%–ით შემცირდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი 1.16%–ით გაიზარდა და მიმდინარე წლის ივნისის დამდეგისთვის ჯამში 39.53 მილიარდი ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 311.38 მილიონი ლარით, 1.76%–ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 928.19 მილიონი ლარით, 4.14%–ით შემცირდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.68%–ით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის საანგარიშო პერიოდში კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით ჯამურად გაცემული ჰქონდათ 5.73 მილიარდი ლარის, წინა თვესთან შედარებით 1.5%–ით მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მილიარდი ლარის, წინა თვესთან შედარებით 3.99%–ით ნაკლები მოცულობის სესხი. საანგარიშო პერიოდში რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა სულ 100.51 მილიონი ლარით, ანუ 0.51%–ით შემცირდა და 19.57 მილიარდი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ივნისის დამდეგს მთლიანი საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.63% შეადგინა. მაისის დასაწყისთან შედარებით, ლარიზაციის კოეფიციენტი 1.48%–ით გაიზარდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ზრდა 0.26% იყო...
ერთი სიტყვით, საკრედიტო პორტფელი მზარდია, მაგრამ, როგორია საპროცენტო განაკვეთი? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი და უპასუხოდ არც ამ კითხვას დავტოვებ. ვერაფრით გაგახარებთ, სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში საბანკო კრედიტები გაძვირდა.. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 14.4%–დან 14.8–მდე მოიმატა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 6.5%–დან 6.6–მდე გაძვირდა. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად იპოთეკური სესხები გაძვირდა... არის გამონაკლისიც, ლომბარდული სესხი გაიაფდა. აქვე გთავაზობთ საანგარიშო პერიოდში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთის სტატისტიკას.
– იპოთეკურ სესხები: მაისი - 11.46%, აპრილი - 10.76%;
– სამომხმარებლო სესხი: მაისი - 19.53%, აპრილი - 19.04%;
სამომხმარებლო სესხი:
– უზრუნველყოფილი: მაისი - 13%, აპრილი - 12.55%;
– არაუზრუნველყოფილი: მაისი - 21.17%, აპრილი - 21.12%;
– ავტოსესი: მაისი - 21,56%, აპრილი - 21.19%;
– ლომბარდული სესხი: მაისი - 20.30%, აპრილი - 20.50%.
წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა. გამონაკლისი არც მიმდინარე წლის აპრილი იყო. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მეორე კვარტლ ის პირველი თვის ბოლოს კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 242.2 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურად საბანკო სექტორის მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 20.2 მილიონი ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი კრედიტების მოცულობამ 51.2 მილიონი ლარი შეადგინა, ეს მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში სულ 7.3 მლნ ლარის ოდენობის სესხი ჩამოიწერა... მოცემული სტატისტიკა აშკარად მიანიშნებს, რომ საბანკო საკრედიტო ვალდებულება ბოლო პერიოდში მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და დებიტორთა არცთუ მცირე ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, კრედიტის მომსახურებას ვეღარ აუდის. მაისი-ივნისის შესაბამისი მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობის ზრდის ტენდენცია კლებამ ჩაანაცვლოს...
ამასობაში, გაცხადდა, რომ სესხების ნაწილზე შესაძლოა, 2%–იანი პირგასამტეხლო მოიხსნას. საუბარია იმ სესხებზე, რომლის წინსწრებით დაფარვისას მსესხებელი გარკვეულ თანხას იხდიდა...
„ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ცვლილება შეეხება წინსწრებით დაფარვას. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა, ჯერ ჭერი 2% დააწესა, ახლა კი, მისი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი საბოლოო შეჯერების პროცესშია. დეტალურად საუბარი მომავალი კვირის ბოლოს შემეძლება...“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე...
მოსალოცი ამბავია, მაშინ, როცა მსესხებელთა დიდ ნაწილს სასესხო ვალდებულების გრაფიკის მიხედვით, დათქმულ დროს, გასტუმრება უჭირს, კობა გვენეტაძის უწყება სესხის წინსწრებით დაფარვაზე არსებული პირგასამტეხლოს გაუქმებაზე მსჯელობს. საინტერესოა, დებიტორთა რამდენ პროცენტზე აისახება ეს შეღავათი და ჯამურად რა თანხაზეა საუბარი...
ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ ვიცით, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ეროვნულ ბანკში მსესხებლებზე ზრუნავენ... ეს ისე, ხუმრობით, სადაც იყო მხოლოდ... გააჩნია, ვისთვის რა? ვისთვის სიმართლე და ვისთვის, უბრალოდ დაცინვა...