თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-20) საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში სამხრეთ აფრიკაში ურუგვაელ თანატოლებთან ტესტ-მატჩი ანგარიშით 20:8 მოიგო და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის ზონაში დაამიწეს სამი ლელო. მათი ავტორები გახდნენ გიორგი მაისურაძე, თორნიკე კახოიძე და რატი ზაზაძე.
ამგვარად, ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე ურუგვაისთან წაგებისთვის (15:20) რევანში აიღეს.
ოთხ ტესტ-მატჩში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამი წაგება იწვნიეს, ერთი მატჩი მოიგეს და ექვსი წარმატებული ლელო დაამიწეს.
აღსანიშნავია, რომ იქვე, სამხრეთ აფრიკაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან მეორე ტესტ-მატჩისთვის ემზადება. 2 ივლისს გამართული პირველი შეხვედრა სამხრეთაფრიკელების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 40:9.