თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ოზურგეთის ცენტრში მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების მონაცემებით, დამრღვევი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე „სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურების“ მუხლით აღიძრა.
ადგილობრივი მედიის მონაცემებით, გამვლელებმა შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ნაჯახით ხელში დარბოდა და მოქალაქეებს ემუქრებოდა. პოლიციამ მისი დაკავება სცადა, რის შემდეგ მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი რამდენჯერმე ჩაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე დაკავებული ეკლესიაში შევარდა და ინვენტარი დააზიანა. საბედნიეროდ, არავინ არ დაშავდა.