ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთვება

რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. რამდენიმე ჯგუფი ხანძრის ზონაში მისვლას ფეხით ცდილობს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი კვლავ მძვინვარებს  – სპეცტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს, იუწყება „პირველი არხი".
ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია
სამი დღის წინ დაწყებული ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც ადგილზე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.
„მეხანძრე-მაშველები უკვე იმყოფებიან ნაკრძალის ტერიტორიაზე. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება“, – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35.292 ჰა-ს შეადგენს.