თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ფლორიდაში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, აცნობა ჟურნალისტებს მაიამი-დეიდ (Miami-Dade) ოლქის მერმა დანიელა ლავინ კავამ (Daniella Levine Cava).
„ღამით ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად სპეციალისტების გუნდებმა ნანგრევებში კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს“, - განაცხადა მან. ტრანსლაცია ოლქის პოლიციის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა.
ფლორიდაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა: არიან დაღუპულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები
მერმა აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 124 ადამიანი მიიჩნევა. მისი თქმით, ბევრს აინტერესებს შინაური ცხოველების ბედი, რომლებიც ნანგრევებში შეიძლება აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ჯერჯერობით სპეციალისტებს ისინი არ უპოვიათ.
მრავალსართულიანი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა 24 ივნისს ქალაქ სერფსაიდში, რომელიც მაიამის აგლომერაციის შემადგენლობაში შედის. ხელისუფლების განცხადებით, სახლში არსებული 130 ბინიდან დაახლოებით ნახევარი ჩამოინგრა.