გიორგი ვაშაძე: მივმართავ კანდიდატ მოსამართლეებს, უარი თქვან კონკურსში მონაწილეობაზე

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შერჩევის პროცესში, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა წარიმართოს, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.
Sputnik
„ჩვენ არ მივიღებთ იმ ბიუროკრატიულ პროცედურაში მონაწილეობას, რომელიც იურიდიულ კომიტეტში უნდა წარიმართოს. საერთოდ, სასაცილო და ცინიკურია ამ პროცესში მონაწილეობა. მივმართავ კანდიდატ მოსამართლეებს – თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, ახალი გამჭვირვალე პროცედურების შემუშავებამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა ამჟამად მოქმედი წესებით.