„ხალხ ნუ გადავჯიშდებით!“ — როგორ იქცა თბილისელი IT-სპეციალისტი ნამდვილ თუშად

მისთვის საქართველო თუშეთიდან იწყება და... აღარ მთავრდება. პირველი შოკი ამ კუთხისგან 13 წლისამ მიიღო. იქ ეზიარა ადამიანურ ფასეულობებს და ცხოვრებაში მთავარსაც იქ ჩასწვდა. რომ არა თუშეთი, ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი იქნებოდა.
Sputnik
ერთხელაც დაგროვილი ემოციები ლამაზად გარითმა და იმ დღიდან იქცა პოეტად, რომელსაც პოეზიის მოყვარულები მეთუშაელის ფსევდონიმით იცნობენ. პროფესიით IT-სპეციალისტია და თუშეთი რომ ვირტუალური სამყაროს ნაწილი გახდა, ამაში გარკვეული წვლილი მასაც მიუძღვის. ასეთია გიორგი ქითიძის ისტორია მოკლედ. უფრო ვრცლად კი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გიორგი ქიტიძე
გიორგი ქითიძე
— გიორგი, თავშივე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რომ არა თუშეთი, შეიცვლებოდა რამე თქვენ პიროვნებაში ან ცხოვრებაში?
— საინტერესო კითხვაა... თუში რომ არა, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვიქნებოდი, სხვანაირი მისწრაფებებით: სახლი–სამსახური–კარიერა. თუშეთმა მომცა სამშობლოს, პოეზიიისა და ჩვენი კულტურის გამძაფრებული სიყვარული. თბილისშიც კი დღემდე იმ ნაწინაპრალ ბილიკებზე მოვაბიჯებ და ჯერ გზას არ ავცდენივარ. მიყვარს თუშეთი და ამაზე შემიძლია დაუღალავად ვისაუბრო. არ ვიცი, სხვა რატომ არ საუბრობს ამაზე, რატომ არ (თუ ვერ) გამოხატავს თავისი კუთხის სიყვარულს...
— თუშობა მოწოდებაცაა და ცხოვრების წესიც?
გიორგი ქიტიძე
გიორგი ქითიძე
— შეიძლება ითქვას, რომ ეს სტატუსია, რაც ღირსეული ცხოვრების წესით გამოიხატება. მახსოვს, ერთმა სტუმარმა თუშებს ჰკითხა, თუშობა თქვენ თანამდებობა ხომ არ გგონიათო. კიდევ სიამაყე მგონია, ოღონდ ეს ინდივიდუალური განცდაა, თავს არავის ვამეტებ. „მე მიხარია ქართველი მერქვას, ამ ლამაზ მთების შვილების შვილი“.
— თუ გახსოვთ, პირველად როდის იგრძენით, რომ თუშეთის გარეშე ვეღარ გაძლებდით?
­— ბავშვობაში არდადეგებზე ავდიოდი თბილისიდან ალვანში, სადაც ბევრი ბედნიერი წუთი მქონდა. ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, როცა 13 წლისა ავედი თუშეთში და უცებ გონება გადამიტრიალდა. მივხვდი, რომ ეს ძალიან ჩემი სამყაროა და რომ ამის გარეშე უკვე ვეღარ გავძლებდი. ვისაც თუშეთი არ უნახავს, იმას თუში პოეტის იოსებ ლონგიშვილის ლექსის ნაწყვეტით ვკითხავ: „თუ არ გინახავს ეს მხარე, მითხარი, მაშ რა გინახავს?!“
გიორგი ქიტიძე
გიორგი ქითიძე
— თავის დროზე რომელი პროფესია აირჩიეთ?
— პროფესიით IT-ინჟინერი ვარ. ტექნიკურ უნივერსიტეტში შემთხვევით კი მოვხვდი, მაგრამ გავამართლე და უკვე ათი წელია ამ სფეროში ვარ.
— თუშეთის განვითარების ფონდშიც ამ კუთხით იყავით ჩართული?
— დიახ, ამ ფონდში როგორც IT-სპეციალისტი ვმუშაობდი. ჩვენი დახმარებით ამ კუთხეში ინტერნეტი გაჩნდა. ეს მოხდა 2017 წელს და ამით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რადგან ამან თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს ფონდი თუშეთის კეთილდღეობისთვის დღესაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.
გიორგი ქიტიძე
გიორგი ქითიძე
— ზოგადად, განვითარება საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ...
— მაგრამ მე არ მინდა, რომ განვითარება ძველი ფასეულობების დაკარგვის ხარჯზე მოხდეს. თუშური დიალექტით ასე ვიტყოდი: ხალხ ნუ გადავჯიშდებით! თუმცა, ვფიქრობ, ამ მხრივ დღეს საქმე, საბედნიეროდ, სწორი გზით მიდის.
— როდის იქცა გიორგი ქიტიძე მეთუშაელად, როდის დაიწყო მან პოეზიასთან მეგობრობა?
— ლექსებს, აღარც მახსოვს, როდიდან ვწერ. ეს უფრო ჩემი ნაწილია და არასდროს მიფიქრია – აი, ახლა დავჯდები და ლექსს დავწერ-მეთქი. როცა მუზა მოდის, ლექსიც მაშინ იწერება.
გიორგი ქიტიძე
გიორგი ქითიძე
ჩემთვის პოეზიის პირველწყარო თუშეთი გახდა, თუშების ცხოვრებამ იქონია გავლენა და მომცა იმის ბიძგი, რომ სულ მეწერა თუშეთზე, მის ბუნებაზე და იმ სავაჟკაცო საქმეებზე, რომელთა ერთგულებაც დღემდე შემინარჩუნდა.
მეთუშაელი კი ჩემმა ახლო მეგობარმა დამარქვა. ამანაც დიდი გავლენა იქონია, რომ სახელი არ შემერცხვინა სათუშოსთვის და არა მარტო. პოეზიის საღამოებზე ლექსებს ერთ დროს ამ სახელით ვკითხულობდი.
— თუშეთი სავსეა ბრძენი პაპებითა და ბებოებით. ვინ გახსენდებათ და ვისი შეგონება–რჩევა გამოგადგათ ცხოვრებაში?
— თუშურ სიბრძნეს რომ ჩაწვდე, მათ შორის უნდა იცხოვრო, თავზე უნდა დაგაწვიმოს და დაგათოვოს და მათსავით ღირსეულად შეძლო – გაუმკლავდე ყველა სირთულეს. პაპაჩემის, დედაჩემის მამის ოჯახში ყანწზე აწერია: „თუ არ დამლევ, ხელს ნუ მახლებ“. ეს მარტო სასმელს არ ეხება, ასეთი რამ კაცის აზროვნებასა და გულში ცხოვრების ყველა შემთხვევაზეა გასათვალისწინებელი.
— კაცობის თქვენეული განსაზღვრა როგორია?
— კაცობის არსი ვაჟას არაერთ ნაწარმოებში კარგად აქვს გადმოცემული. დღეს, სამწუხაროდ, ერი გადაგვარების პირასაა. კაცობა პატიოსნებაზე, კეთილშობილებასა და მამულის სიყვარულზე უნდა იყოს შემდგარი, სხვა ყველაფერი სიცრუეა და აფიორა.
— ეს აზრი გარითმულიც გექნებათ.
— ერთ ლექსს გავაცნობ თქვენს მკითხველს:
„ეს შენ არ გიხილავს ყოფა მგლური, ქარიშხალები...
არც ვიწრო-ვიწრო ბეწვის ხიდზე დაჰკიდებიხარ,
არ მოგისინჯავს ნაპრალებში შენი ძალები,
არც იმ ბნელეთის შავ ქაოსებს გაჰკიდებიხარ.
შენ ცხოვრობ შენთვის და მოყვასის ჭირი არ იცი,
ვერ მიგიწვდება რწმენა სხვისად გადასარჩენად,
ნუ დადუმდები და დაუდე წინაპართ ფიცი
ამ ოღრო-ჩოღრო ყველა დოგმის გადასაჭრელად.
მე შევისისხლე ყველა ცრემლი და ახლა იცი,
სად სული მიკაჟს და სიტყვა ჩემი ჰმაგრობდეს მარად,
იქ, საძვალეში, პაპის პაპას დავუდე ფიცი
და სავსე მთვარის ჭიუხები მოვისხი ნაბდად“.
გიორგი ქიტიძე
გიორგი ქითიძე
— მაინტერესებს, IT-სპეციალისტი გიორგი მეთუშაელთან ხშირად კამათობს ხოლმე?
— ანუ საკუთარ თავთან თუ ვკამათობ? დიახ, და ეს ჩემი ყოველდღიურობაა. ამ კამათში მელექსე იმარჯვებს ხოლმე.
„სივრცეა კოსმოსის აზრები მშვიდი,
ხალხნო, აღარ მაქვს მე თქვენთან რიდი,
ოდეს ვყოფილვარ ბახუსთა გიდი,
არ ოდეს ფლიდი,
პატარა,
დიდი
ხიდი!“
— თუ გახსოვთ, ეს ლექსი რამ დაგაწერინათ?
— საერთოდ სამყარო ქაოსისა და კოსმოსის ბრძოლაა და ამავდროულად ერთმანეთითაა შენიღბული. ამ ლექსის დაწერის კონკრეტული საბაბი კი არ მახსოვს. თუმცა ემოციით ვხვდები, რომ იმ დროს ალბათ რაღაც ბრძოლებში ვიქნებოდი — ან საკუთარ თავთან, ან სხვასთან. ზოგადად თავსგაღმა კი უკონფლიქტო ვარ.
— თუშეთის ნახვის დროს უცხოელის რომელი რეპლიკა- შეფასება გახსენდებათ?
— ბევრი ზაფხული გავატარე მთაში და უცხოელებთან ხშირი შეხება მქონდა ხოლმე. გოგონები ძირითადად ასე აფასებენ: OMG! — „ო, მაი გად!“
თუშეთი, როგორც წესი, შოკია დედამიწის მოქალაქეებისთვის, ჩემთვის კი სხვა განზომილებაა...