ერთიან ეროვნულ გამოცდებს 24 მსჯავრდებული აბარებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გადაყვანას სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მსჯავრდებულების საგამოცდო ცენტრებში შეუფერხებლად გადაყვანას უზრუნველყოფს", – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელს კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი, მათგან 11 – თბილისში, სამ-სამი – ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი – ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში გუშინ დაიწყო. ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.