თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 3,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობამ 308 ტონა, ხოლო ღირებულებამ - 188 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში 23–ის ნაცვლად 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული – სამაცივრე მეურნეობებში ატამის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1.4 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) 1.8 ლარამდე.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი გავიდა რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.