ზურაბიშვილი პარიზში მაკრონს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა

2021 წელს საფრანგეთში ქართული ემიგრაციის 100 წლისთავი აღინიშნება. 1921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით პარიზში გადაიხვეწა.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.
მხარეებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ ფორმატის აღდგენის საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა 2019 წლის თებერვალში პარიზში დააფუძნეს. თანამშრომლობის ეს ფორმატი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს.
ლევილის მამული კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და რეგიონში ევროკავშირის როლი.
სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის 100 წლისთავის აღნიშვნის საკითხი. 1921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით პარიზში დაბინავდა. მათთან ერთად საფრანგეთში საქართველოს ელიტა გადავიდა.
„დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დამფუძნებელი დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ პარიზში 2019 წელს არის ხელმოწერილი. მისი მიზანია - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება პოლიტიკის, უშიშროებისა და ვაჭრობის სფეროში.
ყოველწლიური შეხვედრა 2020 წელს თბილისში უნდა შემდგარიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.