ახლა საქართველოს მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია ღამით გადაადგილება. ეს თბილისელებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ქალაქის ცენტრში გვიან ღამემდე სეირნობდა ხალხი. მოსახლეობას ასევე ჩამოაწერენ კოვიდ-დარღვევების გამო გამოწერილ ჯარიმებს, რაც ჯამში 76 მილიონს შეადგენს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბერს „კომენდანტის საათი“ დაწესდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. თავდაპირველად გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებდა. შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, 21:00 საათზე გადმოიწია.
დროებით სულ სამჯერ გაუქმდა კომენდანტის საათი – საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ახალი წლის ღამეს და შობის ღამეს. ბოლო პერიოდში „კომენდანტის საათის“ მოქმედების დრო 23:00-დან 04:00-მდე პერიოდით იყო განსაზღვრული.