საქართველოში იმპორტირებული სათამაშოების ხარისხს შეამოწმებენ

დადგენილ წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სათამაშოებს ბაზრიდან ამოიღებენ, ან საქონლის პარტიას საქართველოში არ შემოუშვებენ.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და მათი იმპორტის ახალი წესები.
ახალი წესების თანახმად, შემოტანილი სათამაშოები ბაზარზე მოხვედრამდე უსაფრთხოების კუთხით ექსპერტიზას გაივლის. გარდა ამისა, იმპორტიორები ვალდებული იქნებიან წინაწარ ელექტრონული ფორმით შეავსონ განაცხადი სათამაშოების შემოტანაზე.
ამოქმედდა ახალი სტრუქტურა – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო
სათამაშოების შემოწმება მოხდება დოკუმენტების მიხედვით, სადაც იქნება მითითებული მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, მწარმოებელი, სავაჭრო მარკა, მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი, შემადგენლობა და გაფრთხილება უსაფრთხოების ზომების შესახებ.
წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სათამაშოებს ბაზრიდან ამოიღებენ, ან საქონლის პარტიას საქართველოში არ შემოუშვებენ.
1 ივლისიდან უსაფრთხოების ნორმები ასევე გავრცელდება მეორად სათამაშოებზეც. იმპორტიორმა უნდა შექმნას მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვითაც სათამაშოს იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება.