ახალი რუსული კანონი ომში სსრკ-ის და გერმანიის როლების გათანაბრებას კრძალავს

ინიციატივის ავტორების აზრით, ეს კანონი არავის მისცემს უფლებას, პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს საბჭოთა ხალხის თავდადების დამცრობის ხარჯზე.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ისა და ნაცისტური გერმანიის როლების საჯარო გათანაბრების აკრძალვის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ვაქცინაცია, მესამე მსოფლიო ომი, სოციალური ქსელები და ყარაბაღი - რაზე ისაუბრა პუტინმა
ცვლილებები შევიდა დადგენილებაში „საბჭოთა ხალხის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ“.
დოკუმენტი გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე.
პროექტი მომზადდა პუტინის მითითებების ჩამონათვალის შესაბამისად. სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენა იამპოლსკაიამ, ქვედა პალატის პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ ჟუკოვმა და სენატორმა ალექსეი პუშკოვმა ინიციატივა დეპუტატებს წარუდგინეს განსახილველად.
როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ბოლო დროს მედიასაშუალებები, მათ შორის რუსულიც, რეგულარულად აქვეყნებენ და გადმოსცემენ დაუსაბუთებელ და დამამცირებელ განცხადებებს, რომლებშიც საბჭოთა ხელმძღვანელობის, სარდლობისა და სამხედრო მოსამსახურეების მიზნები, გადაწყვეტილებები და მოქმედებები ნაციზმისა და ვერმახტის ჯარისკაცების დანაშაულებთან იდენტიფიცირდება.
„კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია სამშობლოს დამცველების, მათი, ვინც სიცოცხლე შესწირა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, აღრევა და/ან იდენტიფიცირება ოკუპანტი ჯარისკაცების მიზანმიმართულად გამანადგურებელ ქმედებებთან, პირებთან, რომლებიც საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით დანაშაულების ჩადენაში არიან ბრალდებული“, — აღნიშნავდნენ პროექტის ავტორები.
მათი აზრით, ეს კანონი არავის მისცემს უფლებას, პოლიტიკური კაპიტალი დააგროვოს საბჭოთა ხალხის თავდადების დამცრობის ხარჯზე.
რა სანქციებს ითვალისწინებს აღნიშნული კანონის დარღვევა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.