თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ დაავადება COVID-19-ის მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობის შემთხვევაში მინიმუმამდე დავიდეს ჰორმონალური პრეპარატებითა და ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რათა პაციენტს „შავ ობთან“ დაკავშირებული სოკოვანი ინფექცია არ განუვითარდეს, განუცხადა РИА Новости-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა.
მისი თქმით, ინდოეთში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში აღმოჩენილ სოკოვან ინფექციათაგან ზოგი შესაძლოა საფუართან, ზოგი კი ობთან იყოს კავშირში, რომლებიც ბუნებაში გვხვდება, მაგრამ მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონეებს აზიანებს.
„ეს საფუარები და ობი, როგორ წესი, გარემომცველ ბუნებაში არსებობს, მაგრამ მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონეებს, მაგალითად, დიაბეტით ან კიბოთი დაავადებულებს აზიანებს, აგრეთვე მათ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იღებდა გარკვეულ წამლებს. რაღა თქმა უნდა, იმუნიტეტს აქვეითებს აგრეთვე COVID-19“, — აცხადებს ვუინოვიჩი.
მისი თქმით, ჯანმო გასცემს რეკომენდაციას – „მინიმუმამდე დავიდეს კორტიკოსტეროიდებისა და ანტიბიოტიკების არაპროპორციული გამოყენება COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობისას“. როგორც სპეციალისტმა განმარტა, მძიმე შემთხვევებში კორტიკოსტეროიდები ნამდვილად უნარჩუნებს პაციენტს სიცოცხლეს, მაგრამ მასიური გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა სოკოვანი ინფექციები განავითაროს.
გარდა ამისა, ვუინოვიჩი გასცემს რეკომენდაციას, საგულდაგულოდ გაიწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს ბიოსამედიცინო აღჭურვილობას, კერძოდ, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს.