ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. რამდენიმე ჯგუფი ხანძრის ზონაში მისვლას ფეხით ცდილობს.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია – ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში მრავალწლოვან ხეებს უკიდია, იუწყება „პირველი არხი".

ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც სპეციალური ტექნიკა ადგილამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მოსახლეობის საყურადღებოდ! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ

„რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი", – განაცხადა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35.292 ჰა-ს შეადგენს.