„საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და განრიგს ცვლის

„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. „კომენდანტის საათის“ გაუქმებისთანავე, 1 ივლისიდან „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ დამატებით რეისს ყოველდღიურად შეასრულებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დღეში სამი რეისი იმოძრავებს.

გარდა ამისა, „კომენდანტის საათის“ გაუქმების გამო იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც. 

რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.