თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მხოლოდ კლინიკებში შეძლებენ, ხოლო Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები საყოველთაო ვაქცინაციის ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
კლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას მიეძღვნა, რომელიც ივლისიდან არის დაგეგმილი. ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო.
ამჟამად ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200 კლინიკა, 281 ბრიგადა. ბრიგადის სამუშაო დღეა 8 საათი. ერთ ბრიგადას საშუალოდ 60 პაციენტის მომსახურება შეუძლია. ქვეყანაში არის ბრიგადების გაზრდის რესურსი და შესაძლებელი იქნება დღეში 17 ათასი ადამიანის აცრა, აღნიშნა ტიკარაძემ.
„მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს", – განაცხადა ტიკარაძემ.
საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებისთვის მეტი ტერიტორიის მობილიზება მიმდინარეობს. ერთი უკვე გაიხსნა Hualing-ცენტრში თბილისში. ვაქცინაციის ცენტრის მოწყობა იგეგმება ლილოშიც.
საქართველო წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს>>
ტიკარაძის თქმით, მასობრივი ვაქცინაციით საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.
საქართველო ივლისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება.