საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ადგილი თავისუფლდება: შერჩევის პროცედურები

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ცაბუტაშვილის უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კვოტით დაინიშნა, 26 ივლისს იწურება.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადებს 7 ივლისამდე მიიღებს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ირჩევენ. სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - პარლამენტი და კიდევ სამს - უზენაესი სასამართლო. უკვე 26 ივლისს იწურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ცაბუტაშვილის უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კვოტით არის დანიშნული.

„ჩვენ ვართ ქვეყნის პატრიოტები“ - ქართველმა მოსამართლეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსამართლის გათავისუფლებული ადგილის დაკავების მსურველთა განაცხადებს იღებს. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ავტობიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება გახდეს 35 წელზე მეტი ასაკის, უმაღლესი განათლების და 10 წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე. საკონსტიტუციო სასამართლოს რიგითი მოსამართლის ხელფასი 6 ათას ლარს შეადგენს.