გარდაუვალი შფოთი: საპატრიარქო „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვინმეს მიმართ სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების  მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს, კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ (Tbilisi Pride) 1–5 ივლისს თბილისში „პრაიდის კვირეულის“ გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც „ღირსების მარშის“ ჩატარებას აანონსებს.

კალაძე: „პრაიდის კვირეულის“ გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

„ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, აღნიშნულია განცხადებაში.

„ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა ჩატარდეს" – კუჭავა „პრაიდის კვირეულზე"
„ლგბტქ+ „პრაიდის“ ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. „ღირსების მარშს“, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. აუცილებელია, საქართველოს საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი, აღნიშნავენ საპატრიარქოში.

„ამ და სხვა გარემოებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო ასევე მიმართავს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასოს არსებული ვითარება, იმოქმედოს სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი.

ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა

მარშის მონაწილეებს ხელისუფლებისადმი აქვთ შემდეგი მოთხოვნები: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების მიუხედავად სახელმწიფომ დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ებრძოლოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს.

წლევანდელი მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".

პრაიდი ლგბტ კულტურის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-თემის დამცველების აქციები პოლიციის ძლიერი დაცვით იმართება.