ჟენევის მოლაპარაკებების წინ საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი რთული იქნება
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი 30 ივნისს გაიმართება, მანამდე კი მხარეები ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ.

განხილვის ძირითადი თემები 2008 წელს გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება იქნება. ქართული მხარე ასევე დააყენებს გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება.

„მორიგი, 53-ე რაუნდი 30 ივნისს გაიმართება. ჟენევის მოლაპარაკებები შეეხება ექვსპუნქტიანი შეთანხმებას და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება აღნიშნული შეთანხმების შესრულება", - განაცხადა დარსალიამ ჟურნალისტებთან.

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლებების, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ამ ეტაპზე იგი საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი მოქმედი ფორმატია.