თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა შექმნე სპეციალური პირბადე, რომელიც ადგენს, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული კორონავირუსით, ნათქვამია MIT-ის საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პირბადეში ჩამონტაჟებული პაწაწინა ერთჯერადი სენსორი დაახლოებით 90 წუთში იძლევა პასუხს, არის თუ არა მისი მფლობელი Covid-19-ით ავად.
ამასთან აღინიშნება, რომ პასუხი პირბადის მხოლოდ შიდა მხარეზე ისახება, რათა პირის კონფიდენციალობა დაცული იყოს.
სპეციალისტების თქმით, მსგავსი სენსორი შეიძლება „ჩაკერდეს“ სხვა პირბადეშიც და ასევე ადაპტირდეს სხვა ვირუსების აღმოჩენაზე.
როგორც საიტზეა ნათქვამი, ასეთი სენსორების შექმნაზე მეცნიერებმა მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და მანამდე მათ ებოლასა და ზიკას ვირუსებით ინფიცირების დასადგენად იყენებდნენ.
სწავლულების თქმით, ახალი სენსორების ჩაკერება არა მხოლოდ პირბადეებში, არამედ ტანსაცმელშიცაა შესაძლებელი, მაგალითად, სამედიცინო ხალათებში, რათა მედიკოსების სხვადასხვა პათოგენებით დაავადების რისკები მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს.
ამერიკელი მეცნიერების განმარტებით, სენსორები იმგვარადაა დაპროექტებული, რომ აქტიურდება არა ავტომატურად — პირბადის გაკეთებისთანავე, არამედ ააქტიურებს თავად მფლობელი მაშინ, როდესაც ის ტესტირებისთვის მზადაა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინგაპურელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური სენსორული სისტემა, რომელსაც COVID-19-ით ინფიცირების ნიშნების დაფიქსირება შეუძლია. ეს მონიტორინგის სპეციალური სისტემაა, რომლის სენსორებიც აგროვებენ ინფორმაციას სხეულის ტემპერატურის, სისხლის სატურაციის (ჟანგბადით გაჯერება), არტერიული წნევისა და პულსის სიხშირეზე. სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე.