ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 17-წლიანი ღირსეული სამსახური დაასრულეს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადმა დატოვა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

32-ე ბატალიონი ექვსი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისისო სამშვიდობო მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოში ქვედანაყოფის მეთაურის ტარიელ მახარაშვილის ხელმძღვანელობით დაბრუნდნენ.

საქართველო ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანას აგრძელებს

ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთის სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ ავღანეთში, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები მონაწილეობდნენ, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ქართულმა დანაყოფებმა ავღანეთი სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის დასრულების გეგმის თანახმად დადგენილი გრაფიკის მიხედვით დატოვეს.

მისიაში საქართველოდან 872 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ისინი დისლოცირებული იყვნენ მაზარ-ი-შარიფსა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობენ. 2015 წლიდან ის არასაომარ მისიად გამოცხადა და ეწოდა „მტკიცე მხარდაჭერა“.

მისიის დაწყებიდან დღემდე ავღანეთში საქართველოდან 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. მათგან 32 ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაიჭრა.