თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საბერძნეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ MAD Video Music Awards-2021-ის პრემიის ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა.
MAD Video Music Awards - საბერძნეთში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. პრემია გადაეცემა მუსიკალური მიღწევებისთვის MAD TV-ს ტელემაყურებელთა კენჭისყრის შედეგებით. ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას თავის საყვარელ შემსრულებლებს, სიმღერებსა და ვიდეოკლიპებს.
ქართველმა მომღერალმა პრემიაზე თავი ისახელა და გაიმარჯვა კატეგორიაში MAD Radio Award კლიპისთვის, რომელიც სიმღერაზე Den Eisai Edo არის გადაღებული.
ცნობილი ქართველი მომღერალი 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს საბერძნეთში.
თამთამ მუსიკალური კარიერა 22 წლის ასაკში დაიწყო. მან 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ვოკალურ შოუში Super Idol Greece, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მაშინვე გამოუშვა სინგლი Eisai To Allo Mou Miso ბერძენ მომღერალ სტავროს კონსტანტინუსთან ერთად. სიმღერა ქვეყნის რადიოსადგურების ჰიტად იქცა.
2007 წელს გოდუაძეს ევროვიზიის კონკურსზე საბერძნეთის სახელით გამოსვლა უნდოდა. ის ეროვნულ შესარჩევ კასტინგში მონაწილეობდა სიმღერით With Love („სიყვარულით“), მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ თამთამ გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „თამთა“.
2019 წელს თამთა „ევროვიზიაზე“ კვიპროსს წარმოადგენდა და მე-13 ადგილი დაიკავა.