სკოლების რეაბილიტაცია საქართველოს მასშტაბით: მინისტრის ანგარიში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეთვალყურეობით 65 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც 36 უკვე  დასრულებულია.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში 300-მდე მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„ხელშეკრულებით წლის ბოლომდე აქვს ვადა კონტრაქტორ კომპანიას, მაგრამ სასიხარულოა, რომ სრული რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება და სექტემბრისთვის ურბნისელი ბავშვები განათლების მიღებას განახლებულ სივრცეში შეძლებენ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე: მინისტრის ანგარიში

სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 65 ახალი სკოლა შენდება მისი უწყების მეთვალყურეობით, საიდანაც 36 უკვე  დასრულებულია.

„წლის ბოლომდე სულ 60 ობიექტს ჩავიბარებთ და აქედან მხოლოდ 5 სკოლა გადავა 2022 წელს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო მიმართულებას, 80-ზე მეტი მიმდინარე პროექტი გვაქვს და ურბნისის სკოლა მათ შორის ერთ-ერთია“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის დახმარებით კიდევ 80 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება და ამ ეტაპზე საპროექტო და დიზაინერული კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.