კრეტას ციხეში საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დამთავრდა

ბერძნული მედიის ცნობით, დაპირისპირება 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დადასტურდა თუ არა ქართველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი საბერძნეთში: საელჩო

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი.

საქართველოს საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. უწყება აღნიშნავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს.

საბერძნეთის ციხეში 26 ივნისს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მკვლელი ბერძნებისთვის კარგად ნაცნობი კრიმინალი დავით მარტინელია, რომელიც სასჯელს 2008 წლიდან ცნობილი ბერძენი მსახიობის მკვლელობისთვის იხდის. არ ხმაურდება მოკლულის ვინაობა. ასევე ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საკანში დაპირისპირების მიზეზი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, მოკლულის მეუღლე და ძმა საბერძნეთში უკვე ჩავიდნენ.