საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს, იმ დროიდან მამულში რემონტი მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საფრანგეთში ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა - მამულთან ორანჟერეა გაჩნდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.

ლევილის მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება

ორანჟერეის პრეზენტაციას და მამულის მმართველი საბჭოს სხდომას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა. 

ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები მამულის გადმოცემის თაობაზე 1991 წლიდან მიმდინარეობდა.

საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ საქართველომ მამულის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო.