თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ბრალდებული 65 და 35 წლის მამაკაცები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ, სასამართლოზე მათ უფლებებს ერთბაშად სამი ადვოკატი იცავდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პედოფილიაში ბრალდებულებს განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობა შეუფარდა. დაცვლის მხარე კი მათ გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვდა.
საზარელი ამბავი
მამა-შვილის დაკავების შესახებ ცნობილი პარასკევს გახდა. პოლიციას თავად ბავშვის დედამ მიმართა, როდესაც ჩალურჯებები და ნაჭდევები დაინახა ქალიშვილის სხეულზე, მან კი დედას მომხდარის შესახებ უამბო.
მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები დაზარალებულის მეზობლები აღმოჩნდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი რვა წლის გოგონაზე 2.5 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა დაკავებულმა 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონა იმ 8 წლის ბავშვის და არის, რომელზეც დაკავებულები ორნახევარი წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ მამაკაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მომხდარმა ფაქტმა სოფლის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მათ პარასკევს ბრალდებულების სახლი გადაწვეს. ისინი აცხადებენ, რომ მოკლავენ მათ, თუ ისინი გათავისუფლდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებისთვის უმკაცრეს სასჯელს მოითხოვენ მათი ახლობლები და ნათესავებიც.