გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე: მინისტრის ანგარიში

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთის ნაწილი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია.  პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 37 ხიდის და 20 გვირაბის მშენებლობას.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდების 70%-ის და გვირაბების 88% მშენებლობა, აქედან 7 გვირაბი უკვე გაჭრილია.

საქართველოში აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გარემონტდა

ხევი–უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„2021 წლის სექტემბერში გაიხსნება 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი, რომელზეც 4 გვირაბია განთავსებული.
რიკოთის პროექტი საერთო ჯამში მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 40-მდე გვირაბი მოქმედებს“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, 2022 წელს გათვალისწინებული ორი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება და 2023-2024 წლებში რიკოთის პროექტი უკვე მთლიანად დასრულდება.

საუკუნის პროექტი

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამ დროისთვის უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები. ხიდებზე დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი, რის შემდეგაც უკვე გზის საფარი მოეწყობა. 

გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

რიკოთზე ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).

საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.