საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ორმაგდება

მომავალი თვიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები სახელმწიფოსგან დახმარების სახით 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დახმარების ოდენობა ივლისიდან გაორმაგდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშით წარდგენისას.

„1 ივლისიდან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დახმარების ოდენობა და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფართოვდება დახმარების არეალიც. კერძოდ, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ ის ბავშვებიც, რომლებიც 120 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში ცხოვრობენ. მანამდე დახმარებას იღებდნენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულები 100 ათასზე ნაკლები იყო.