ყვითელი ამბები

რეზი არველაძის ვაჟმა რჩეულს ხელი ორიგინალურად სთხოვა – თეონა თავართქილაძე ვიდეოს აქვეყნებს

ფეხბურთელ რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის ვაჟი ვატო არველაძე ქორწინდება. მისი რჩეული მაკუნა ზედაშიძე გახლავთ.
Sputnik

ხელის თხოვნა ძალიან კრეატიული და რომანტიკული გამოდგა. ყველაფერი მზიურში მოხდა. ვატომ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ საცოლეს ხელი საჯაროდ, მეგობრებისა და დედის თანდასწრებით სთხოვა. მოგვიანებით თეონამ შვილისა და მომავალი რძლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ოჯახის ახალი წევრი“.

ვატო არველაძე ამჟამად 23 წლისაა. ვატოს, რომელიც პოლონური „კორონადან“ დაბრუნების შემდეგ თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, თურქეთში თამაშის გარკვეული გამოცდილებაც აქვს – ერთი პერიოდი ის შოთა არველაძის გაწვრთნილ „ქასიმფაშას“ ასაკობრივ გუნდშიც გამოდიოდა, და ამჟამადაც კარიერას თურქეთში აგრძელებს.

გასული წლის აგვისტოში ფეხბურთელმა მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ კლუბ „ფათიჰ კარაგიუმრიუკისთან“ გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულება. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მხარი ამოიგდო და ამჟამად ტრავმის მოშუშებითაა დაკავებული. ვატო არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ერთი გოლია.

თეონამ და რეზიმ, რომელიც წარსულში წარმატებული ფეხბურთელია, ოჯახი 90-იან წლებში შექმნეს და ორი ბიჭი გაზარდეს. თეონას თავისი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია. მოახერხა და ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შესანიშნავად შეუთავსა.