თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა–შვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები რვა წლის გოგონაზე 2.5 წლის განმავლობაში ძალადობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადეები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.
ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ერთ-ერთმა დაკავებულმა 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონა იმ 8 წლის ბავშვის და არის, რომელზეც დაკავებულები ორნახევარი წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.
8 წლის გოგონასთან ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ. არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ფაქტი დაადასტურა ქუთაისის ექსპერტიზის ბიურომ.
მომხდარმა ფაქტმა სოფლის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მათ დღეს ბრალდებულების სახლი გადაწვეს.
არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.