პარლამენტის წევრისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება

უფლებამოსილების შეჩერებას დასჭირდება 90 დეპუტატის თანხმობა 76-ის ნაცვლად, რაც ფაქტობრივად მმართველ პარტიას ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უკარგავს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისის – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომელთა თანახმად დეპუტატისთვის ხელშეუხებლობის მოხსნის პროცედურა გართულდა.

საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, დეპუტატისთვის ხელშეუხებლობის მოხსნის პროცედურა უცვლელი რჩება, სიახლეა ასეთი ინიციატივის მხარდამჭერი ხმების რაოდენობის გაზრდა. კერძოდ, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებისთვის საჭირო იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის, ანუ 90 დეპუტატის თანხმობა (76-ის ნაცვლად), რაც ფაქტობრივად უკარგავს მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

„ქართულ ოცნებას“ ამჟამად პარლამენტში სულ 84 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები ოპოზიციას შორის გადანაწილდა.

ამ მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს იმუნიტეტის მოხსნის გამოცდილება. მიმდინარე წლის თებერვალში მმართველმა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოართვა იმუნიტეტი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რათა ის სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. 

მელია თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატურის საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს

სასამართლოს მიერ მელიასთვის პატიმრობის შეფარდებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა, რომლის გადაჭრა ორთვიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით მოხერხდა.

იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების გაზრდა არის ერთ-ერთი პირობა იმ შეთანხმების, რომელიც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად გააფორმეს („პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა”).

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა. კანონი ძალაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ შევა.