თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში მასწავლებლების ხელფასი ეტაპობრივად მოიმატებს და 2030 წლისთვის პედაგოგთა საშუალო ხელფასი 2.2 ათას ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე, მასწავლებლების ხელფასი 400–დან 1745 ლარამდე მერყეობს.
„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, 2030 წლისთვის საშუალო განათლების ბიუჯეტი 2.2 მლრდ ლარს შეადგენს, უმაღლესი განათლების – 270 მლნ ლარს, პროფგანათლების – 554 მლნ ლარს.
2019 წლის სექტემბრიდან უფროს პედაგოგებს, წამყვან მასწავლებლებსა და მენტორ მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით და მეტით მოუმატეს. ხელფასები მომავალ წლებშიც გაიზრდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1.5 ათას ლარს მიაღწევს.