საქართველო ციფრული პროდუქტების განვითარებას და კონკურენციის წახალისებას გეგმავს

თუ ჩვენ ტელეკომის განვითარებას შევაფერხებთ, ეს საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, აღნიშნავენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ციფრული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებას და ინტერნეტ–ბაზარზე კონკურენციის წახალისებას გეგმავს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა „პირველი არხის“ ეთერში. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული სტარტაპის გუნდს თავბრუდამხვევი წარმატება მიულოცა

„საქართველო უნდა გახდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტების მიმწოდებელი რეგიონსა და მსოფლიოში. ასეთი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ინვესტორი კომპანიებისთვის აუცილებელია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და გახსნილი ბაზარი. ამიტომაც უნდა შეიცვალოს თამაშის წესები და ქვეყანამ ეს შესაძლებლობები სრულად უნდა აითვისოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, მსოფლიოში ტელეკომოპერატორები დიდი ხანია ცდილობენ ფეხი აუწყონ ციფრულ ტრანსფორმაციას და ტელეკომის მოძველებული კონცეფცია ახლით შეცვალონ.

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორმა ახალი ტელეკომმოდელით იმუშაოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, კომისია გეგმავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ბაზარზე გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები და წახალისდება კონკურენცია.

„ამ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაძლიერება – ალტერნატიული და გარდაუვალი პროცესია“, – დასძინა ბექაურმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ინტერნეტ-ბაზრის 80% ორ კომპანიას ეკუთვნის. ამავე დროს ქვეყანაში დაახლოებით 30 ინტერნეტ-ოპერატორია.