თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ავჭალაში უახლოეს დროს მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელი ახალი საწარმო გაიხსნება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
კომპანია „ნეო გლასი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ქარხანა თვეში 8000 კვადრატულ მეტრ მინას აწარმოებს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.
„კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ავჭალაში კიდევ ერთ უფრო მსხვილ საწარმოს ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მსგავს წარმოებებთან ერთად, ამ სახეობაშიც თანდათან ხდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვირდება და იმპორტის ჩანაცვლება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საწარმო იმპორტჩანაცვლების კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. ქარხანა მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და თანდათანობით ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე.
თურნავასთან ერთად საწარმოს ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
კომპანიამ ისარგებლა სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით, რომლის მეშვეობითაც, საწარმოსთვის სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიძინა.
თავად ქარხანა აშენებულია იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კომპანიამ ქონების სააგენტოს მხარდაჭერით სიმბოლურ ფასად შეიძინა.
ამ ეტაპზე საწარმოში მუშაობს დაახლოებით 50 ადამიანი, უახლოეს მომავალში თანამშრომელთა შტატის გაფართოებაა დაგეგმილი.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.