1 ივლისს პრინცესა დიანას იუბილეა, ლედი დი 60 წლის უნდა გამხდარიყო, რომ არა 1997 წლის 30 აგვისტოს ტრაგედია. პრინცესა დიანას იუბილესთან დაკავშირებით გამოცემა „დეილი მეილმა“ მისი სიცოცხლის ბოლო წუთები გაიხსენა. გამოცემამ აღადგინა ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბოლო წუთებში მასთან კონტაქტი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ გამვლელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რეანიმატოლოგები და პაპარაცები.
ავარია მაშინ მოხდა, როდესაც პრინცესა დიანა დოდი ალ-ფაიედთან და დაცვის წევრთან ერთად სასტუმრო „რიციდან“ გამოვიდა, გვირაბში სწრაფად მიმავალი მანქანა ბოძს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე პირველი გაჩნდა ექიმი ფრედრიკ მეიეზი, რომელიც ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. ექიმს თან ჰქონდა სააფთიაქო ჩანთა და მან ადგილზევე სცადა პირველადი დახმარების აღმოჩენა.
ის ამბობს, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვის ეხმარებოდა. ახსოვს, რომ დიანა მანქანის უკანა სავარძელზე იწვა, მას სახე დაზიანებული ჰქონდა, თუმცა სუნთქავდა და საუბრობდა. „ღმერთო, რა მოხდა?!“ – ეს იყო სიტყვები, რომელიც დიანამ ექიმს უთხრა. 10 წუთში ადგილზე გაჩნდა პოლიციაც, ნახევარ საათში კი პრინცესა დიანა კლინიკაში გადაიყვანეს.
პიტიე-სალპეტრიემის კლინიკაში ექიმები მთელი სამი საათის მანძილზე ცდილობდნენ პრინცესა დიანას გადარჩენას, ჩატარდა გულის მასაჟი – გული დიანას რამდენჯერმე გაუჩერდა. თუმცა მალევე შინაგანი სისხლდენა დაიწყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება 18 თვეს გაგრძელდა, დადგინდა, რომ დამნაშავე იყო მძღოლი, ანრო პილი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის და დოდი ალ-ფაიედი ადგილზე გარდაიცვალნენ. გადარჩა მხოლოდ დიანას დაცვის წევრი ტრევორ რის-ჯონსი, რომელიც მომხდარს ვერ იხსენებს.