მერკელი: ევროკავშირმა რუსეთის პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი უნდა შექმნას

გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე პასუხისმგებელია, შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აქტიურობას.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. რუსეთის პროვოკაციებზე ერთიანი რეაქციისთვის ევროკავშირმა მექანიზმი უნდა შექმნას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ბოლო თვეების მოვლენებმა აშკარად დაგვანახა − და არა მარტო გერმანიაში, რომ რუსეთის მრავალრიცხოვან პროვოკაციებზე ჩვენი არაკოორდინირებულად რეაგირება საკმარისი არ არის. ამის ნაცვლად უნდა შევქმნათ მექანიზმი, რათა ერთობლივად გავცეთ პასუხი პროვოკაციებს. რუსეთის ჰიბრიდული შეტევებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მხოლოდ ასე შევძლებთ“, − აღნიშნა მერკელმა.

კანცლერის თქმით, ევროკავშირმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ რუსეთის გეოგრაფიული მეზობელია, გამომდინარე იქიდან, რომ ასევე არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე პასუხისმგებელი, რუსეთის აქტიურობას შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.

სიტყვით ზეწოლა, საქმით – თანამშრომლობა: ევროკავშირის „ახალი“ სტრატეგია რუსეთის მიმართ

„ჩემი აზრით, ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ამასთან დაკავშირებით პირდაპირი კონტაქტები უნდა ვეძებოთ რუსეთის პრეზიდენტთან. მივესალმები, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირმა დიალოგის ფორმატი უნდა შექმნას, სხვა გზით კონფლიქტები ვერ გადაიჭრება“, − მიაჩნია მერკელს.

გარდა ამისა, კანცლერი დარწმუნებულია, რომ ასევე უნდა ჩამოყალიბდეს რუსეთთან საერთო სტრატეგიული ინტერესების პროგრამა, მაგალითად, კლიმატის, მშვიდობისა და უშიშროების, ლიბიასა და სირიაში კონფლიქტების მოგვარების მიმართულებებით.

ევროკავშირისა და მოსკოვის ურთიერთობები 2014 წლიდან გაუარესდა, როდესაც დასავლეთმა რუსეთი უკრაინის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და სანქციები დაუწესა. მოსკოვში ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსეთი არ არის შიდაუკრაინული კონფლიქტის მხარე, ხოლო ყირიმის საკითხი საბოლოოდ დახურულია. ამასთან რუსეთი ასევე უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს „აგრესიულ ქმედებებში“.