კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

თავშივე ვიტყვი, საქართველოს სკოლებში ასეთი მასწავლებელი უფრო მეტი რომ გვყავდეს, ჩვენს ბავშვებს მარტო მათემატიკური ამოცანების ამოხსნა კი არ ეყვარებოდათ, ვინ იცის, იქნებ სამყაროში ყველა გრძნობისა და ემოციის ფორმულაც გამოეყვანათ.
Sputnik

რაც მთავარია, სწავლა, ერთმანეთი და სიცოცხლე უფრო შეუყვარდებოდათ. თუ არ გჯერათ, ჩაბრძანდით ოზურგეთში, ეწვიეთ რაიონის მეორე საჯარო სკოლას და თეა ურუშაძის მათემატიკის გაკვეთილებს დაესწარით. აქ ყველაფრის საიდუმლოს ადვილად ჩაწვდებით... სწორედ მათემატიკის დახმარებით.

მისი კრეატიული მოსაზრებები ჟურნალ „მასწავლებელის“ 18 საავტორო სტატიაში აისახა. ის ერთ-ერთი თანაავტორია მასწავლებელთა სახლის მიერ გამოცემული წიგნისა „გაკვეთილები დისტანციური სწავლებისათვის". როგორც რეიტინგული ნამუშევრების ავტორი, დაჯილდოებულია ჟურნალ „მასწავლებლის“ ათი წლის იუბილეზე. დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− ქალბატონო თეა, მაინტერესებს, საგნისადმი ასეთი განსხვავებული მიდგომა თქვენი მათემატიკის მასწავლებლის დამსახურება ხომ არ არის?

− მართლაც ასეა. ჩემი მათემატიკის მასწავლებლის, არაჩვეულებრივი მურმან მსხალაძის დამსახურებაა, რომ მე პედაგოგი გავხდი. მან მაზიარა პირველად მათემატიკის იმ სამყაროს, რომელიც მხოლოდ რიცხვები არ არის. ის მათემატიკას უკავშირებდა პოეზიას, ბუნებასა და ყველა სფეროს. ამიტომ სამყაროს ამგვარი აღქმა მეც მისი თვალებით და დახმარებით დავიწყე.

− თუ გახსოვთ პირველი გაკვეთილი როგორ ჩაატარეთ?

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− ჩემი პედაგოგიური საქმიანობა რთულად დაიწყო. ვღელავდი. პირველი გაკვეთილის ჩატარება მეექვსე კლასთან მომიწია. კარგად მახსოვს, როგორ მივხვდი, რომ მათი მომლოდინე თვალების იმედგაცრუების უფლება არ მქონდა.

მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისთანავე დავიწყე ძიება იმ გზებისა, რომლებიც მათემატიკის სხვა საგნებთან დაკავშირებაში დამეხმარებოდა. ამისთვის მოვიფიქრე სხვადასხვა საინტერესო მათემატიკური თამაშები, შეჯამებისა და დიფერენცირების განსხვავებული მეთოდები.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− ვიცი, რომ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ძალიან უყვარხართ, ალბათ სწორედ თქვენი კრეატიულობისა და საგნისადმი განსხვავებული მიდგომის გამო...

− ჩემი სადამრიგებლო კლასი მეც ძალიან მიყვარს. ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებულად, ზღაპრის პერსონაჟებით დაიწყო. უკვე განხორციელებული სადამრიგებლო აქტივობებიდან გამოვყოფდი აქტივობას „ურჩიე მეგობარს“, რომელიც გრძელვადიანი იყო. მოსწავლეებიც ისეთები არიან, რომ სხვადასხვა აქტივობებზე სიხარულით მომყვებიან ხოლმე. თან მაღალი მოსწრების ბავშვები არიან და, რაც მთავარია, ერთმანეთი უყვართ. მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ. სულ ვუმეორებ, რომ ცხოვრება ისაა, რასაც ისინი დაიმახსოვრებენ.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− როგორ ახერხებთ, რომ მათემატიკის მეშვეობით მათში სხვადასხვა უნარ-თვისებები აღმოაჩინოთ და განავითაროთ?

− დიახ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბავშვებში სხვადასხვა მიდრეკილებები აღმოვაჩინო და ამიტომაც ვაკვირდები მათ. ვისაც პოეზია უყვარს, მათ ვახტანგ ჯავახაძის და გალაკტიონის ლექსებს ვაცნობ. მაგალითად, სიმეტრიის თემისთვის გალაკტიონის ლექსი „აი, რა მზის სიზმარია“ მნიშვნელოვანი და მას განვიხილავთ. მუსიკის მოყვარულებს ოქროს კვეთას ვაცნობ კლასიკურ მუსიკაში. ასეთი განხილვისას მოსწავლეებს პირდაპირ გაკვეთილზე სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრავთ კიდეც. სიმეტრიის თემის გამოყენებით დიზაინერებს კაბის მოდელებიც კი შეუქმნიათ.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− სპორტულ აქტივობებშიც იყავით ჩართული...

− ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩვენ შეგვამჩნია სპორტულმა ჟურნალისტმა ელენე ბილიხოძემ, რომლის ორგანიზებითა და ძალისხმევით „ბლექ-სი-არენაზე“ გამართულ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გრანდიოზულ გახსნას დავესწარით და ასევე ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. ბათუმში ბავშვებმა საკუთარი თვალით იხილეს ლაშა ტალახაძის ტრიუმფი. სკოლაში ადრე „თავისუფალი გაკვეთილები“ იყო დაფინანსებული და მასში ორჯერ სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. თუმცა მეტია საჭირო.

− თქვენი 18 სტატია, რომელიც ჟურნალ „მასწავლებელში“ დაიბეჭდა,  საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. თავად რომელს გამოყოფდით?

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− მე გამოვყოფდი სტატიას „თემის განსხვავებული დიფერენცირება“, რაც პრაქტიკაში განხორციელებული აქტივობებიდან ბავშვებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. გაკვეთილზე მათემატიკის მრავალმხრივი ინტეგრირება იყო გამოყენებული − დაწყებული პოეზიის სფეროში მათემატიკის კვალის ძიებით, გაგრძელებული ოქროს კვეთით დაწერილი მუსიკის გაჟღერებით, და მხატვრობის ჟანრში მათემატიკის კვალით დასრულებული. ასევე ძალიან მომწონს სტატია „მათემატიკური თამაშები სწავლების პირველ საფეხურზე“.

ჩემი ყოფილი მოსწავლე-სტუდენტები იმ გაკვეთილებს დღემდე სიამოვნებით იხსენებენ, რაც ძალიან მახარებს. მათ ყოველთვის ესწრებიან ხოლმე დირექციის წარმომადგენლები და კოლეგები. ერთხელ თავად რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლელა იმედაშვილიც დამესწრო.

− თქვენი ყველა გაკვეთილი განსხვავებულია. ერთი მათგანი სიყვარულის თემას მიუძღვენით...

− დიახ, მეთორმეტე კლასთან ჩავატარე სიყვარულის გაკვეთილი სახელწოდებით „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“. საერთოდ სიყვარულისადმი მიძღვნილ გაკვეთილებს ხშირად ვატარებ. მახსოვს, მეთორმეტე კლასში სპეციალური მათემატიკური ამოცანები შევადგინე, რომელთა ამოხსნის შედეგად სიყვარული და ღიმილი მივიღეთ. ეს ბოლო გაკვეთილი იყო იმ კლასში და მათ აღფრთოვანება ვერ დამალეს.

ასეთივე უჩვეულო იყო სიყვარულის თემაზე ჩატრებული ონლაინ-გაკვეთილი ჩემს სადამრიგებლო კლასშიც. იმ გაკვეთილის მერე ჩემს ეზოში ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი 28 გული გამოიფინა.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ზუსტად რომ გაიგო სამყაროში სად ხარ, ამისთვის...“

− დაასრულეთ აზრი: ისწავლეთ მათემატიკა იმისთვის, რომ...

− ზუსტად გაიგო, სამყაროში სად ხარ...